„არა ომს“ - ახალარჩეული რომის პაპი პირველ მიმართვაში უკრაინაში „სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ“ მოწოდებით გამოვიდა

11 მაისი 2025, 17:15 97 ნახვა

ახალარჩეული რომის პაპი ლეო XIV პირველ მიმართვაში უკრაინაში „სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ“ და ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილი ხალხისადმი მიმართვაში განაცხადა, რომ კვლავ მიმართავს მსოფლიოს დიდ ქვეყნებს მოწოდებით – „აღარადროს იყოს ომი“.

„ჩემს გულში ვატარებ საყვარელი უკრაინელი ხალხის ტანჯვას“, – განაცხადა რომის პაპმა, რომელიც ამავე გამოსვლაში სამხედრო ტყვეების გათავისუფლებისა და უკრაინელი ბავშვების ოჯახებთან დაბრუნების მოწოდებით გამოვიდა.

ასევე აღნიშნა, რომ ღრმად დამწუხრებულია ღაზაში მიმდინარე ომის გამო. ლეო XIV-მ ისრაელსა და „ჰამასს“ ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტისკენ, მძევლების გათავისუფლებისკენ და ღაზის მცხოვრებლებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისკენ მოუწოდა.

ახალი რომის პაპი მიესალმა ინდოეთსა და პაკისტანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

უცხოური მედიის ინფორმაციით, პონტიფიკოსის პირველი მიმართვის მოსასმენად მოედანზე დაახლოებით 100 ათასი ადამიანი შეიკრიბა.

ახალი რომის პაპი კონკლავმა 8 მაისს აირჩია. 267-ე პაპი ამერიკელი რობერტ პრევოსტი გახდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი