ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება

23 მაისი 2025, 14:40 254 ნახვა

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 2025 წელს რამდენიმე პროექტია დაგეგმილი. ინფორმაციას ამის შესახებ „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, სამუშაოების ნაწილი უკვე დაწყებულია, ნაწილი კი უახლოეს პერიოდში იგეგმება. მხოლოდ 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, მათ შორის IT ინფრასტრუქტურისა და საოპერაციო ტექნიკის შეძენისთვის „ტავ ჯორჯიას“ 12,5 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიცია აქვს გათვალისწინებული.

„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე პროექტი გვაქვს დაგეგმილი, როგორც აეროდრომზე, ასევე ტერმინალის ნაწილში. მომატებული მგზავრთნაკადის ფონზე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურაც პასუხობდეს ყველანაირ გამოწვევას, რათა მომსახურების ხარისხის ის მაღალი სტანდარტი შევინარჩუნოთ, რომელსაც უკვე წლებია ჩვენი მგზავრები შევაჩვიეთ“, – აცხადებს ტავ ჯორჯიას ტექნიკური მენეჯერი ალუდა ცაბაური.

„პირველი პროექტის ფარგლებში, 2025 წლის შემოდგომისთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა დახვედრის ზონის გაფართოების სამუშაოები დასრულდება. იგეგმება ახალი შენობის მშენებლობა, რომელიც ინტეგრირებული იქნება მგზავრების დახვედრის ზონასთან და დამატებით საოფისე სივრცეების მოწყობის შესაძლებლობას წარმოშობს, რაც აეროპორტის ოპერაციებისა და კომერციული გამოყენებისთვის არის განსაზღვრული. ასევე, რიგების მოსაწესრიგებლად და გამტარუნარიანობის გასაუმჯობესებლად მოფრენის სივრცეში პასპორტის კონტროლის ზონის გაფართოება იგეგმება. მთავარი შესასვლელის მხრიდან ტერმინალს ასევე დაემატება ახალი სივრცე იმ ტერიტორიის ხარჯზე, რომელიც მანამდე მსუბუქი გადახურვით იყო წარმოდგენილი.

„ტავ ჯორჯიას“ 2025 წელს მნიშვნელოვანი გეგმები აქვს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ნაწილშიც. საჰაერო ხომალდების სადგომების ტერიტორია გაფართოვდება 8 200 მ²-ით და მოხდება დაზიანებული ხელოვნური ზედაპირის რეაბილიტაცია 14 000 მ²-ზე. შედეგად, გაჩნდება შესაძლებლობა რომ აეროდრომზე ერთდროულად განთავსდეს 9 საშუალოგაბარიტიანი (ICAO: C code) თვითმფრინავი და ერთი ვერტმფრენი. 2025 წელს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციაც იგეგმება, რომელიც მოიცავს ხელოვნური საფარის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს კრიტიკულ ზონებში 45 000 მ2 ფართობზე.

გამტარუნარიანობის გასაზრდელად ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების აუცილებლობა მომატებული მგზავრთნაკადის გამო შეიქმნა. სხვაობა ციფრებში საკმაოდ თვალსაჩინოა, როგორც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, ასევე პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით“, – ნათქვამია „ტავ ჯორჯიას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში