ბოლოში რომ ხურდები დარჩა აგენტურას, იმის რეალიზების სცენებს ვხედავთ ყოველდღიურად. გუშინ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ათასობით ადამიანი ქუჩაში უნდა გამოსულიყო და იმდენად სასაცილო გახდა ეს მათი ვითომ პროტესტი მოგონილ ამბებზე, რომ ვეღარაფერს შვრებიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი პირდაპირპროპორციულია და აღნიშნა, რომ თუ „დიდი ფულია, პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია და თუ ცოტაა, პროტესტის ხარისხი იკლებს“.
„წარმოიდგინეთ, სალომე ზურაბიშვილი კვლავ ცდილობს, ლიდერად თავი გამოაჩინოს. ხიბლშიც შეიძლება იყოს, მაგრამ იმდენად არასერიოზულია და იმდენად დიდ საქმეს ვემსახურებით ამ დროს, იმდენად დიდი საქმე კეთდება ამ ქვეყნისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც სადღაციდან ფინანსდებოდნენ, თანხები მოაკლდათ. თქვენ ალბათ ხედავთ, რამდენად პირდაპირპროპორციულია უცხოეთიდან გამოშვებული თანხები და პროტესტის ხარისხი. ჩვენ გვახსოვს, რომ ათეულობით მილიონი დოლარი როდესაც იხარჯებოდა, პროტესტიც შესაბამისი იყო. ვინც ამ პროტესტში მართლა გულწრფელად იღებდა მონაწილეობას, იმ ადამიანებს ალბათ ნამდვილად მართებთ დაფიქრება. დიდი ფულია? პროტესტის ხარისხი შედარებით მაღალია, ცოტა ფულია? პროტესტის ხარისხი იკლებს. რატომ არის ფულზე პირდაპირ დამოკიდებული, ამის პასუხი წარსულშიც შეგვიძლია, რაღაცების პროგნოზირების გარეშე ვეძებოთ. „არა რუსულ კანონს“ – საუკუნის ორწლიანი ფეიკი რომ დადგეს, რათა აბსოლუტურად გაუმჭვირვალე ყოფილიყო დაფინანსება, რადგან ეს დაფინანსება რეალურად იყო აგენტურული დაფინანსება შესაბამისი სამსახურების თუ ძალების მიერ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.