ბათუმის საქალაქო სასამართლომ პარტია “ლელო ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი სამართალდამრღვევ პირად ცნო და 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა ცოტახნის წინ გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა დარბაზში.
ლუკა ნაცვლიშვილის მიმართ ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა ოქმის შემდგენი მხარე. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, ლუკა ნაცვლიშვილმა ხელმეორედ დაარღვია ადმინისტრაციული კანონი, დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს.
ეს ფაქტი უარყო თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა და იმ მოწმეებმაც, რომლებიც ნაცვლიშვილის უფლებადამცველებმა წარმოადგინეს დღეს სასამართლოზე. “ ლელო საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს და დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
საიას იურისტების შეფასებით, პროცედურული დარღვევებით არის საქმე წარმოებული, მტკიცებულებები ვერ ადასტურებს ნაცვლიშვილის ბრალეულობას და მოწმე პოლიციელებმაც სასამართლოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს.
პარტია “ ლელო ძლიერი საქართველოს” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი ლუკა ნაცვლიშვილი პოლიციელებმა 26 მაისს საკონსტიტუციო სასამართლოსთან ადმინისტრაციული წესით , წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუცლით დააკავეს.