საგამოძიებო კომისიის მუშაობა

28 მაისი 2025, 18:04 140 ნახვა

2007 წლის 7 ნოემბრის აქცია და აგვისტოს ომის დროს ახალგორში განვითარებული პროცესების ირგვლივ ისაუბრა დღეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახალგორის გამგებელმა.
გელა შერმადინის ინფორმაციით, წინა ხელისუფლებამ 2007 წელს ახალგორი მცხეთა მთიანეთისგან ისე გამოყო და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ახალ ადმინისტრაციულ ერთეულს ისე შეუერთა, რომ ადგილობრივებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.
მისივე განცხადებით, მოსახლეობის ინფორმირების გარეშე, ამავე წელს ჩატარდა არჩევნები და პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი გახდა.
შერმადინმა კომისიის სხდომაზე 2008 წლის 14-15 აგვისტოს ახალგორში განვითარებული მოვლენებიც გაიხსენა და თქვა, რომ ადგილობრივები მოსალოდნელ საფრთხეებთან დაკავშირებით გაფრთხილებული არ იყო.
კომისიას ახსნა-განმარტება მისცა დღეს ვასილ მაღლაფერიძემაც, რომელიც იმ დროს მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული იყო. მან დროებით საგამოძიებო კომისიას 7 ნოემბრის აქციის დარბევასთან დაკავშირებულ თათბირზე გაკეთებული აღწერა გააცნო, რომელიც როგორც უკვე ცნობილია კომისიის დასკვნას ოფიციალურ დოკუმენტად დაერთვება.
მაღლაფერიძემ გაიხსენა ვანო მერაბიშვილის მიერ 2007 წლის 4 ნოემბერს გამართული თათბირიც, სადაც განიხილებოდა აქციის მონაწილეების დარბევისა და ცემის სცენარი. მისივე ინფორმაციით თათბირს მასთან ერთად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაღალი თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში