დასაფასებელია პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა პრეზიდენტ ყაველაშვილის მიმართ, მნიშვნელოვანი მესიჯები და გზავნილები, რომელიც ამ მილოცვაში იყო ორ მთავარ საკითხს უსვამს ხაზს – აღიარება და ხაზგასმა, რომ ამერიკას და საქართველოს მთავრობებს შორის მნიშვნელოვანია ინტენსიური თანამშრომლობა და ასევე, ხაზგასმა, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობას აქვს მნიშვნელობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გასაკვირია, რატომ არ ასაჯაროებს საელჩო პრეზიდენტ ტრამპის წერილს.
„ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობისგან მოველოდით, რომ ხელს შეუწყობდა ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვად, თავისუფალ ვაჭრობას, მათ შორის ხელსაყრელი სატარიფო პირობების შეთანხმებას. ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, პრეზიდენტ ტრამპს აქვს გამოცხადებული თავის მთავარ საგარეო, ეკონომიკურ ამოცანად. ამ წერილიდან მეორე დღეს, ნაცვლად იმისა, რომ საელჩოს გამოექვეყნებინა პრეზიდენტ ტრამპის მილოცვა, დადეს რაღაც გაუგებარი პოსტი, რომელიც ეძღვნება პარტია „ქართულ ოცნებას“ და რაღაცნაირად ისეთ აღქმას ტოვებს, რომ სურვილი იყო დაჩრდილულიყო პრეზიდენტ ტრამპის პოზიტიური გზავნილები. ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო დღემდე არ ასაჯაროებს წერილს და ეს მისი პრაქტიკის საწინააღმდეგოდ ხდება. მაშინ, როდესაც სახელმწიფო მდივნის კონგრესში გამოსვლის ქართული ტრანსკრიპტი შემოგვთავაზეს და გაავრცელეს, ცოტა გასაკვირია, რომ საელჩო, რომელიც პრეზიდენტს უნდა წარმოადგენდეს. ალბათ ამასაც განმარტება სჭირდება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია და გულახდილი ჩვენს ურთიერთობებში ამერიკელ ხალხთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ყველაფერი დევს მაგიდაზე.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციამ სტრატეგიული პარტნიორობა ცალმხრივად შეაჩერა.
„ის, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ შეაჩერა სტრატეგიული პარტნიორობა, ამან შეიძლება ის სარგებელიც მოიტანოს, რომ ის არაქმედითი სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც გარკვეულწილად ფურცელზე არსებობდა, ახლა იძლევა შესაძლებლობას ხელახლა დავსხდეთ და შევთანხმდეთ იმ ურთიერთობაზე, რომელიც სასარგებლო იქნება როგორც ამერიკელი, ისე ქართველი ხალხისთვის. ჩვენ ვთქვით თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა იყოს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც იქნება არა ზოგადი ფრაზების, არამედ კონკრეტულად გაწერილი პასუხისმგებლობები ორივე მხარის, სადაც კონკრეტულად იქნება გათვალისწინებული ამერიკელი ხალხის საუკეთესო ინტერესები, ქართველი ხალხის საუკეთესო ინტერესები, გარკვეული სამოქმედო გეგმა, რომელსაც შემდეგ ორივე მხარე კეთილსინდისიერად მიჰყვება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.