წინასწარი აღწერის მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 000 პირი შეადგინა

25 ივნისი 2025, 13:16 139 ნახვა

წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 914 ათასი კაცი შეადგინა, საიდანაც 2 078 ათასი (53 პროცენტი) ქალია, ხოლო 1 836 ათასი (47 პროცენტი) კაცი, - ამის შესახებ საქსტატის მიერ ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარ შედეგებშია ნათქვამი.

საქსტატის ცნობით, ქალების წილი შედარებით მაღალია თბილისსა (56 პროცენტი) და ქუთაისში (55 პროცენტი), ხოლო შედარებით დაბალია მცხეთის (49 პროცენტი), ხარაგაულისა (49 პროცენტი) და საგარეჯოს (49 პროცენტი) მუნიციპალიტეტებში.

საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.

მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით, 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, 2 423 ათასი კაცი (62 პროცენტი) ცხოვრობს საქალაქო დასახლებებში, ხოლო 1 491 ათასი კაცი (38 პროცენტი) – სოფლად.

რეგიონების მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მცხოვრები მოსახლეობის წილი, თბილისის გარდა, მაღალია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (66 პროცენტი), რაც განპირობებულია ბათუმის მოსახლეობის მაღალი რიცხოვნობით, ხოლო შედარებით დაბალია მცხეთა-მთიანეთის (20 პროცენტი), კახეთის (21 პროცენტი), რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის (24 პროცენტი) რეგიონებში.

2024 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით, თბილისში ცხოვრობს მოსახლეობის 34 პროცენტი. მოსახლეობის რიცხოვნობის მიხედვით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ იმერეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები, რომლებზეც მოდის შესაბამისად მოსახლეობის 12.9 და 11.2 პროცენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში