აქცია ნატანებში

30 ივნისი 2025, 18:04 155 ნახვა

ქობულეთი- ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებმა ორკვირიანი პაუზის შემდეგ კვლავ განაახლეს საპროტესტო აქციები.

ისინი კომპანიას შესრულებული სამუშაოებისთვის კუთვნილი ხელფასის ანაზღაურებას სთხოვენ. კომპანიას ვალდებულება დღეს, თვის ბოლოს, უნდა შეესრულებინა, თუმცა, როგორც დასაქმებულები აცხადებენ შეთანხმებული პირობები კვლავ დაუცველია, ხოლო დაპირებები – შეუსრულებელი.

აქციის მონაწილეები აცხადებენ რომ 700-ზე მეტი დასაქმებული თვეების განმავლობაში ელოდება კუთვნილ ხელფასს, თუმცა უშედეგოდ. ბოლო აქციის დროს მუშებმა სახალხო დამცველს საჯაროდ მიმართეს, თუმცა, მათი თქმით, რეაგირება არ მოჰყოლია.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით პრობლემის შესახებ ინფორმირებულია ხელისუფლებაც.  დასაქმებულები აცხადებენ რომ დღეს აპირებდნენ აქციის აჭარის მთავრობის სახლთან გადატანას, თუმცა უამინდობის გამო გადაწყდა, საპროტესტო მოქმედებები უშუალოდ მშენებლობის ადგილზე გაეგრძელებინათ და კომპანია „პოლატის“ პიკეტირება მოეხდინათ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროტესტი არ შეწყდება, სანამ არ მიიღებენ კუთვნილ ანაზღაურებას.

დასაქმებულების მოთხოვნით, ადგილზე მივიდა უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, რომელმაც სოლიდარობა გამოუცხადა აქციის მონაწილეებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი