დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს - პრემიერი

01 ივლისი 2025, 20:20 191 ნახვა

სიამაყით აღვნიშნავ, რომ დღეს საქართველოში 19 000-ზე მეტი მოქმედი მეზღვაურია და ეს რიცხვი მუდმივად იზრდება, ეს ფაქტი საზღვაო პროფესიის მზარდ პოპულარობასა და ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის ეფექტიანობაზე მეტყველებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში, მეზღვაურის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არაერთი რეფორმა გატარდა მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების სფეროში, დაინერგა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და ევროკავშირის სტანდარტები და ამ მიმართულებით რეფორმების გატარება მომავალშიც გაგრძელდება.

„საქართველო 1993 წლიდან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია და აქტიურად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ამის დასტურია წელს წარმატებით გავლილი საერთაშორისო აუდიტი და ორგანიზაციის „თეთრ სიაში“ სტაბილური, მრავალწლიანი ადგილი.

 

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ დარგის შემდგომ განვითარებაზე. მნიშვნელოვანი პროექტია საზღვაო სექტორის გაციფრულება. გასული წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებს ეროვნული საზღვაო „ერთი ფანჯრის სისტემა“, რომელმაც უკვე გაამარტივა ნავსადგურებში გემების შესვლა-გამოსვლის პროცედურები. გარდა ამისა, ნავსადგურში ლოგისტიკური პროცესების მართვის გაუმჯობესების მიზნით, ახალ ელექტრონულ პლატფორმას ვნერგავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა სტრატეგიულ უპირატესობას ანიჭებს საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის კუთხით.

„ჩვენ სულ უფრო მეტად ვხდებით ევროპასა და აზიას შორის საიმედო დამაკავშირებელი რგოლი „შუა დერეფნის“ პროექტის ფარგლებში, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენი მეზღვაურების როლსა და მნიშვნელობას. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო თითოეულ მეზღვაურს. თქვენი გმირული შრომის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს წინსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ მეზღვაურის დღეს. გისურვებთ მშვიდ ზღვას, უსაფრთხო ნაოსნობას და ყოველთვის მშვიდობით დაბრუნებას სამშობლოში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია.

„დღეს ჩვენ მეზღვაურის დღეს აღვნიშნავთ. ამ დღის აღნიშვნით ჩვენ პატივს მივაგებთ მეზღვაურთა თავდაუზოგავ შრომას და მათ უნიკალურ წვლილს საერთაშორისო ნაოსნობაში, მსოფლიო ეკონომიკასა და საზოგადოების განვითარებაში. დღეს ასევე ვიხსენებთ ყველა იმ მეზღვაურს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე საზღვაო საქმეს მიუძღვნეს. მათი ღვაწლი ჩვენი ქვეყნის საზღვაო ისტორიის საამაყო ნაწილია.
თითოეული ქართველი მეზღვაური ჩვენი ქვეყნის სიამაყეა. საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურის სერტიფიკატები აღიარებულია ევროკავშირისა და მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნის მიერ. ეს არის ქართველი მეზღვაურების პროფესიონალიზმის, შრომისმოყვარეობისა და სანდოობის აღიარება საერთაშორისო დონეზე. ჩვენს მეზღვაურებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკაში. რიცხვებში გამოხატული ეს წვლილი ყოველწლიურად დაახლოებით 200 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ამ წუთებშიც ათასობით ქართველი მეზღვაური საქართველოს სახელს ღირსეულად ატარებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

ქართველი მეზღვაურების კეთილდღეობა, მათი ღირსეული შრომისა და ცხოვრების პირობები ჩვენი სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტია. ამის დასტურია საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციასთან მიერთება, რომელიც თებერვლიდან შევიდა ძალაში და მეზღვაურთა უფლებების მთავარ გარანტიას წარმოადგენს“, - განაცხადა პრემიერმა.

 
 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი