თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება დაიწყო მყისიერად, მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს - პრემიერი

08 ივლისი 2025, 22:28 155 ნახვა

გამოძიება დაიწყო მყისიერად და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა, რაც შეიძლება ამ ფაქტს უკავშირდებოდეს, დანარჩენს გამოძიება იტყვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც თორნიკე რიჟვაძის საქმეს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გამოძიება უნდა დაინტერსდეს ყველა დეტალით.

„ბუნებრივია, მეც ყველაფრით დავინტერესდი და რაც მთავარია, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ყველაფრით, რა იყო მიზეზი. კონკრეტული მუხლით არის აღძრული სისხლის სამართლის საქმე და შესაბამისად უნდა იყოს გამოძიებული ყველაფერი. ყველა დეტალს აქვს მნიშვნელობა, მათ შორის წერილის დეტალებსაც და ზოგადად, ყველა გარემოებას. ყველაფერი უნდა იყოს დეტალურად შესწავლილი. ბუნებრივია, თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე, რასთან დაკავშირებითაც განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამოხატული, მათ შორის, ჩემი მხრიდანაც და არა მხოლოდ, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მხრიდანაც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ვინ აბრალებდა თორნიკე რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას?“, – ირაკლი კობახიძემ უპასუხა:

„მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ? ზოგადად სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული, უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, „ფორმულა“. მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ, ეს არის ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის, სიძულვილის მუდმივად დათესვა, ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ. მე მოვიყვანე ერთ-ერთი მაგალითი, დანარჩენი, ბუნებრივია, უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა პრემიერმა.

 
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში