ოპოზიცია შევა არჩევნებში, დამარცხდება, არ შევა - დამარცხდება - შალვა პაპუაშვილი

17 ივლისი 2025, 12:02 110 ნახვა

ოპოზიცია შევა არჩევნებში, დამარცხდება, არ შევა – დამარცხდება, მათი ბოლო ერთი და იგივეა, ეს არის მთავარი დილემა, რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციამ ჩიხში თავად ჩაიგდო თავი.

„ერთად, ცალ-ცალკე, პირველ მეორეზე გათვლით, თუ მეორე პირველზე გათვლით, მნიშვნელობა არ აქვს, ასეც და ისეც, რადიკალური ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდება თვითმმართველობის არჩევნებზე. ეს არის მათი მთავარი დილემა. ვერ გაუგიათ, დაყვეს ოთხი ბარიერგადალახული პარტია, ორს აღებინებენ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში, ორი არ იღებს მონაწილეობას, რათა ყველა ოფცია მოსინჯონ. სინამდვილეში, მთავარი დილემა, რაც დღეს რადიკალურ ოპოზიციას და მათ პატრონებს საზღვარგარეთ აქვს, არის ის, რომ შევლენ არჩევნებში, დამარცხდებიან, არ შევლენ, დამარცხდებიან. ანუ, მათი ბოლო ერთი და იგივე. ამ დილემაში, ჩიხში თავის თავი თვითონ ჩაიგდეს. უფრო სწორედ, მათმა პატრონებმა ჩააგდეს ამ მდგომარეობაში. ზოგიერთ ელჩს რომ უსმენდნენ და მანდატებზე უარი თქვეს, ახლა მივიდნენ და იმ ელჩს მოჰკითხონ პასუხი; ზოგიერთ ევროპელ ბიუროკრატს რომ უსმენდნენ და ბოიკოტს უცხადებდნენ არჩევნებს, წავიდნენ ახლა და იმ ევროპელ ბიუროკრატებს მოჰკითხონ, რატომ შეიყვანეს ამ ადგილში. ეს არის ბედი ყველა იმ ადამიანისა, რომელიც სხვისი ვასალი ხდება. ზუსტად, როგორც ვასალს ექცევიან, ისე მოექცნენ, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციას. ხედავთ, რომ ჩვეულებრივად თოჯინებივით ათამაშებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს გახარიას გუშინდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ბრძოლისთვის ვარ მზად ნებისმიერ ადგილას. ასე „ოცნებას“ არ ჩავბარდები, უნდა ვიბრძოლოთ იქ, სადაც უფრო ეფექტური ვართ. ყველაზე ეფექტური ჩემი ყოფნა ჯერჯერობით არის ბრიუსელში“.

შალვა პაპუაშვილის შეფასებით, „გახარია სიტუაციური მატყუარაა“.

„გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც დადასტურდა არაერთხელ, მათ შორის საგამოძიებო კომისიაზე. მან სამ წუთში თქვა ორი სხვადასხვა რამ. თქვა, რომ არ ახსოვს ელჩები, ვისთან რა ჰქონდა საუბარი გადადგომის წინა დღეს; შემდეგ ხუთ წუთში თქვა, რომ ამერიკის ელჩს შეხვდა. საბოლოო ჯამში, უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა. ამავე დროს, ხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს. გარბის ყველა შემთხვევიდან. 2021 წელს გაიქცა „ქართული ოცნებიდან“, ახლა გაექცა თავის პარტიას და ასე დარბის, თან იტყუება. რა ვიცი, რა გითხრათ, პირდაპირ ეთერში ყველა ხედავს, მისი პროფილი რა ღირებულებების მატარებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი