სასიამოვნო ფაქტია, რომ ჩვენი ელჩი უკვე შეხვდა აშშ-ის პრეზიდენტს, გადასცა ჩვენი გზავნილები. წინა ადმინისტრაციის მხრიდან განსხვავებული დამოკიდებულება იყო, ახლა შეიცვალა, ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო აშშ-ისგან შემხვედრ ნაბიჯებს ელოდება და მზად არის დისკუსიისთვის.
„იმ ღირებულებებზე, გამოწვევებზე, რაზეც დღეს არსებული ადმინისტრაცია საუბრობს, ამაზე ჩვენ უფრო ადრე ვსაუბრობდით. სწორედ ამ გამოწვევებს ვებრძოდით და არა აშშ-ს ან ევროკავშირს, როცა ორმაგი სტანდარტი იყო მათი მხრიდან, რასაც დღევანდელი ადმინისტრაციაც ამხელს. უკვე საქილიკო გახდა, რომ რუსულის იარლიყს იყენებენ, როცა არ აქვთ არგუმენტი. სასაცილოა ამ თემაზე საუბარი. ჩვენ მზად ვართ გადატვირთვისთვის, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის გააზრების შემდეგ მოხდება ჩვენი შეხვედრა. ჩვენ არაფერს ვცვლით. ჩვენ ვართ გულწრფელები, მოქალაქეებს ვესაუბრებით, რა გვსურს, რა გზას ვირჩევთ. შემხვედრ ნაბიჯებზე დამოკიდებულება და პასუხისმგებლობა ამერიკის არსებულმა ადმინისტრაციამ უნდა აიღოს, სახელმწიფო მდივანმა. ჩვენ მზად ვართ დისკუსიისთვის“, – განაცხადა ყაველაშვილმა.
აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში რწმუნებათა სიგელები გადასცა.