დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სუს-ის წარმომადგენლებს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის - პრემიერი

01 აგვისტო 2025, 15:41 136 ნახვა

დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსებიდან 10 წლის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს საიუბილეო თარიღი მიულოცა და ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

„დღევანდელ მსოფლიოში, სადაც მშვიდობა და სტაბილურობა უდიდეს გამოწვევად იქცა, საქართველო წარმატების საუკეთესო მაგალითია, რაშიც თქვენ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ წარმომადგენელს, განსაკუთრებული წვლილი მიგიძღვით. სწორედ თქვენი პროფესიონალიზმისა და დაუღალავი შრომის შედეგია, რომ სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა შიდა თუ გარე ძალების მიერ დაგეგმილი არაერთი სცენარი, რომლებიც პოლიტიკურ დესტაბილიზაციასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას ისახავდა მიზნად. თქვენი დამსახურებით ქვეყანამ დაძლია უმწვავესი კრიზისები, რომლებიც საფრთხეს უქმნიდა არამხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი რეგიონის სტაბილურობას. შავი ზღვის რეგიონში არსებული რთული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. საფრთხეების ერთ-ერთ უმთავრეს წყაროდ კვლავ საქართველოს რეგიონების დროებითი ოკუპაცია რჩება. თქვენი ძალისხმევა უზრუნველყოფს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სტაბილური გარემოს შენარჩუნებას. განსაკუთრებულია თქვენი წვლილი როგორც უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებაში, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების დაცვაში. ბატონო ანრი, მსურს, ხაზგასმით აღვნიშნო პირადად თქვენი და თქვენი უწყების ძალისხმევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. კორუფცია უდიდესი საფრთხეა სახელმწიფოსთვის - ის ხელს უშლის საჯარო უწყებების ეფექტიან ფუნქციონირებას, ძირს უთხრის მოქალაქეთა ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და აფერხებს ქვეყნის განვითარებას, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით. ჩვენი პრიორიტეტია ეფექტიანი ანტიკორუფციული მექანიზმების გაძლიერება, რაშიც თქვენს სამსახურს საკვანძო როლი აკისრია. მინდა, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ მთავრობის სრული მხარდაჭერა ამ მიმართულებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს სამსახურის 10 წლის იუბილე მიულოცეს პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ. სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა და მთავრობას და პარლამენტს უწყების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით ანრი ოხანაშვილმა სამსახურის თანამშრომლები სხვადასხვა ხარისხის სახელმწიფო ჯილდოებით დააჯილდოვა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი ხარისხისა და საპატიო მედლები უწყების 328 თანამშრომელს გადაეცა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი