პროკურატურის მიერ წარდგენილი ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ამოღებულ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა

18 სექტემბერი 2025, 17:54 468 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. ამასთან, პროკურატურამ წარადგინა ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, საძინებელი ოთახიდან, სადაც რიჟვაძე იმყოფებოდა, ამოღებულ საწერ კალამზე თორნიკე რიჟვაძის დნმ ამოვიდა.

ასევე, ცეცხლსასროლ იარაღზე კი შერეული, ანუ თორნიკე რიჟვაძისა და ალექსი ახვლედიანის დნმ ამოვიდა. პროცესს ესწრება ბრალდებული ალექსი ახვლედიანი.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა.

ალექსი ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი