იმპიჩმენტის წესით გადაყენებული სამხრეთ კორეის ყოფილი პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მეუღლე, კიმ კეონ ჰი, რომელიც კორუფციაშია ბრალდებული, სასამართლოს წინაშე წარსდგა. კიმი, რომელსაც მექრთამეობასა და აქციების მანიპულირებაში ადანაშაულებენ, სეულის ცენტრალურ რაიონულ სასამართლოში, აგვისტოში დაპატიმრების შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
სასამართლოს წინაშე მოკლე სიტყვით გამოსვლისას მან დაადასტურა თავისი პირადი ინფორმაცია და მოითხოვა სასამართლო პროცესის ჩატარება მოსამართლის და არა ნაფიც მსაჯულთა მიერ, თუმცა არცერთ ბრალდებას არ შეხებია.
პროკურორმა კიმის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები გააჟღერა, მათ შორის აქციების მანიპულირების, პოლიტიკური სახსრების მოზიდვის შესახებ კანონების დარღვევის, გავლენიანი ბროკერისთვის უფასო საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ჩატარების თხოვნის და ეკლესიიდან ქრთამის აღების ბრალდებები.
თუ კიმი რომელიმე ბრალდებით დამნაშავედ ცნეს, მას ჯარიმიდან დაწყებული ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე სასჯელი ემუქრება. მისი მეუღლე ყოფილი პრეზიდენტი იუნი ამბოხების მცდელობისთვის ივლისიდან პატიმრობაში იმყოფება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე