2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 800 მლნ ლარით იზრდება

09 ოქტომბერი 2025, 18:55 135 ნახვა

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება 800 მილიონი ლარით იზრდება და მისი ასიგნებები მომავალი წლისთვის 9 620,8 მლნ ლარით განისაზღვრება“, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი განიხილეს.

მომხსენებლის ინფორმაციით, მომავალი წლიდან, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია 45 ლარით იზრდება და 495 ლარის ოდენობით განისაზღვრება. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება.

ამასთან, 70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 370 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 444 ლარი იქნება.

გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება 7,0 მილიარდ ლარს შეადგენს; ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 2,1 მილიარდ ლარზე მეტი და დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 240,0 მლნ ლარი. მომხსენებლის განმარტებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში საქართველოს ეკონომიკაში პროგნოზირებულთან შედარებით გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციებია.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ოთხწლიან პერიოდში ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა 9 მილიარდ ლარზე მეტით გაიზარდა.

მან ძირითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა 5%-ის ოდენობით არის დაგეგმილი, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ია. ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 110,5 მილიარდი ლარით. 2029 წლისთვის მშპ-ის ზრდა 140,9 მილიარდ ლარამდეა პროგნოზირებული, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 13 900 დოლარს გადააჭარბებს.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26,8 მილიარდი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის 2,5%-ია, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი - მშპ-ის 35%-ის ფარგლებში.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 35,5 მილიარდ ლარს შეადგენს. 2026 წლის განახლებული პროგნოზით, ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები ნომინალურ გამოხატულებაში 26 800,0 მილიონი ლარია, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1 495,0 მილიონი ლარით მეტია.

პროექტის თანახმად, საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების ჯამური მაჩვენებელი 30 290,8 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრება, ხოლო ბიუჯეტის ასიგნებების მოცულობა 30 475,9 მილიონი ლარია.

კომიტეტის წევრებმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე