სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.
მისივე თქმით, ყველა მოძალადე, ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში.
„შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მარტივად გაატაროს სახელმწიფომ. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ,“- განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, იმ ყველაფერზე, რაც 4 ოქტომბერს მოხდა მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება ყველა ადამიანს, რომელიც იყო მისული აქციაზე.
„ანონსი ყველამ იცის, რაც იყო. გამოცხადებული იყო დამხობის აქცია. დაახლოებით 5-7 ათასი ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. იმ ყველაფერზე, რაც 4 ოქტომბერს მოხდა, მორალური პასუხისმგებლობა ეკისრება უკლებლივ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული. რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები. იდენტიფიცირებულია ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედდება. ეს არ გვიხარია, თუმცა ყველამ იხილა შემდგარი დანაშაული და ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე