ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც კარგად იცოდა, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდა, ნეპალი ვერ შედგა, ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა - შალვა პაპუაშვილი

11 ოქტომბერი 2025, 10:07 104 ნახვა

მათ, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბის და დაკავებულებით სპეკულირებს, სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელოდებათ, -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი წერს.

მისი თქმით, ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა.

,,ყველამ ყველაფერი იცოდა. იცოდნენ, რომ ოთხში ოთხ საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. იცოდნენ რომ, თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავ სიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს სად მივარდნოდნენ.

კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოესარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშს დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ.

ეს იცოდა ოთხში ოთხ საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა – პოლიტიკოსმაც და ენჯეოშნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის სწირავდნენ. იცოდნენ და მაინც მივიდნენ.

ნეპალი ვერ შედგა. სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა. ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ.

ყველას ჰქონდა არჩევანი – აჰყოლოდა ან არ აჰყოლოდა, მისულიყო ოთხში ოთხზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა, შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა.

ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების სითამამე ჰყოფნის, მისი შედეგის მიღების სითამამეც უნდა ეყოს.

მათ კი, ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებს, სამართლებრივთან ერთად, მორალური პასუხისმგებლობაც ელოდებათ,” – წერს პაპუაშვილი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში