გამოძიების წარმოებასთან ერთად, ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს.
„ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბი-ბი-სიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია,'' - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერის თქმით, საქართველოს არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად.
„საკითხის დრამატიზებისთვის „ბიბისიმ“ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება „კამიტი“ გამოიყენა. საქართველოს შს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება „კამიტი“ არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასდროს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც კი არ შეუძენია. „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება და საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება. ცხადია, რომ „ბიბისის“ სიუჟეტი არის არა მხოლოდ სიყალბე, არამედ უცხოური სპეცსამსახურების ხელით დაგეგმილი იაფფასიანი პროვოკაცია, რომელიც ორ მიზანს ემსახურება. პირველი – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს შეექმნათ საბაბი ჩამქრალი საპროტესტო მუხტის ხელოვნურად გასაღვივებლად და მეორე – ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს სურთ, შექმნან საბაბი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ შანტაჟის გასაგრძელებლად. ამ ორი ამოცანის შესასრულებლად ეს სიუჟეტი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გამოდგება“, – განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის თქმით, ახლოვდება ეუთო-ს მინისტერიალი და ევროკომისიის მორიგი შეკრება, სადაც „ბიბისის“ მიერ გავრცელებული ყალბი ინფორმაციის ციტირებას შეეცდებიან.
„ამისთვის კონკრეტული პოლიტიკოსები, მათ შორის ევროპარლამენტარები ჩვეული ცრუ განცხადებებით უკვე ამზადებენ ნიადაგს. ეს კამპანია მოგვაგონებს ევროპული ბიუროკრატიის მიერ და საერთაშორისო მედიაში ფართოდ გაშლილ სიყალბეზე აგებულ კამპანიას მიხეილ სააკაშვილი მოწამვლის შესახებ. ამ კამპანიის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრს ოფიციალური დემარშით ევროკავშირის 27 ელჩი ესტუმრა. დღეს უკვე ყველამ კარგად იცის, რომ აღნიშნული კამპანია, ისევე როგორც „ბიბისის“ სიუჟეტი სიყალბეზე იყო აგებული. თუმცა, ამ სიცრუის შემდეგ სამარცხვინო კამპანიაზე არც ევროპულ ბიუროკრატიას და არც შესაბამის მედისაშუალებებს აუღიათ პასუხისმგებლობა.ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, „ბი-ბი-სის“ მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია უპასუხოდ არ დარჩეს, ამიტომ, როგორც უკვე ცნობილია, გამოძიების წარმოებასთან ერთად ვგეგმავთ მივმართოთ როგორც ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას, ისე საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო მართლმსაჯულებას, რათა „ბიბისიმ“ სათანადოდ აგოს პასუხი და უარყოს სპეცსამსახურების ხელწერით გავრცელებული ცრუ ინფორმაცია,'' – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
