ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია EasyJet ჟენევასა და თბილისს შორის პირდაპირ ავიამიმოსვლას იწყებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალი მარშრუტი მნიშვნელოვნად ამარტივებს საქართველოს მიმართულებით მგზავრობას შვეიცარიიდან და ზრდის ინტერესს ქვეყნის ტურისტული პოტენციალის მიმართ.
"შვეიცარიულ ონლაინ-გამოცემა Pichon Voyageur-ი სტატიას აქვეყნებს, სადაც საქართველოს ტურისტული და კულტურული მიმზიდველობა განსაკუთრებულად არის გამოკვეთილი. გამოცემის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
სტატიაში საქართველო წარმოდგენილია როგორც "ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანა, რომელიც მოგზაურობას სთავაზობს სულის სიმშვიდით, სიდინჯით და არაჩვეულებრივი პეიზაჟებით". ავტორი აქცენტს აკეთებს როგორც თბილისზე, ისე საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე, ღვინის კულტურასა და ნაკლებად ათვისებულ ტურისტულ მიმართულებებზე.
სტატიის ავტორი მოუწოდებს მკითხველს "გეგმებისგან დამოუკიდებელი აღმოჩენებისკენ", საქართველოში მოგზაურობა კი წარმოდგენილია არა როგორც სწრაფი ტურისტული ვიზიტი, არამედ გამოცდილების ხანგრძლივი პროცესი.
"საქართველოში დრო უნდა დაუშვა ნელა იაროს – სპონტანურობა აქ საუკეთესო მეგზურია და გზა არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე დანიშნულება. ეს ქვეყანა ტურისტს არა გეგმებით, არამედ გზადაგზა აღმოჩენებით იზიდავს", - აღნიშნულია სტატიაში.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე