საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სარჩელზე, რომელიც მმართველმა გუნდა წარადგინა, კანონით, ცხრა თვეში უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.
მისი თქმით, მმართველი გუნდი დაელოდება, როდის მიიწვევს საკონსტიტუციო სასამართლო და როდის იქნება პროცესები.
„კანონმდებლობით არის დადგენილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ამ საკითხზე მაქსიმუმ ცხრა თვეში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, ივლისში უკვე უნდა იყოს გადაწყვეტილება. რაც შეეხება იმას, თუ როდის და რა პროცესი იქნება, ამას საკონსტიტუციო სასამართლო განსაზღვრავს თავად. ჩვენ დაველოდებით, როდის დაგვიძახებს საკონსტიტუციო სასამართლო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიამ თავს უშველა იმით, რომ პარლამენტში შევიდა.
„გიორგი გახარიას პარტიასთან მიმართებით სამართლებრივი არგუმენტი ამ მათი ანტიკონსტიტუციურობისთვის იყო ან იქნებოდა არჩევნების საბოტაჟი. იმით, რომ ისინი პარლამენტში შემოვიდნენ, მათ ამ სამართლებრივი არგუმენტისგან თავი გადაირჩინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა" მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.