შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე მოადგილესთან, ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, მიგრაციის დეპარტამენტს ეწვია, ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გეკა გელაძემ მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორისგან, მიგრაციის კუთხით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით, ასევე, ინფრასტრუქტურული განვითარების მიმართულებით ამომწურავი ინფორმაცია მიიღო.
მათივე ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე მინისტრმა ხაზი გაუსვა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების მუდმივ რეჟიმში გატარების მნიშვნელობას და ამ მხრივ დეპარტამენტის ეფექტიან მუშაობას.
„ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენასა და მათი ქვეყნიდან გაძევების მაღალ მაჩვენებელზე. დასასრულს, მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მათ მიერ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. გეკა გელაძემ ასევე დაათვალიერა დეპარტამენტის ტერიტორიაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტი“, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობის მშენებლობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს და აღჭურვილი იქნება უახლესი ინვენტარითა და ტექნიკით. ახალი შენობა მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს დეპარტამენტის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით.