საპროტესტო აქცია მშენებლობის დასრულებისა და ბინების დაკანონების მოთხოვნით

30 იანვარი 2018, 00:00 2599 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა დღეს აჭარის მთავარ პროკურატურასთან. მოქალაქეები ჭავჭავაძისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების კვეთაში, მშენებარე კორპუსის დასრულებასა და ბინების დაკანონებას ითხოვდნენ. 

აქციის მონაწილეები ყვებიან, რომ მშენებლობა დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო. აშენდა რამდენიმე სართული,  70-მდე ოჯახი კი ბინას დღემდე ელოდება.

მოქალაქეების ინფორმაციით, შენობა შესაძლოა აუქციონზე გაიტანონ. მათი თქმით, ეს გამოსავალი არ არის, რადგან გაყიდვის შემთხვევაში ახალი კომპანია ძველი ვალდებულებებისგან გათავისუფლდება. აქციის მონაწილეები შიშობენ, რომ ოჯახები კვლავ საკუთრების გარეშე დარჩებიან.

თავდაპირველად,  ინვესტორმა ოჯახები ქირით გაიყვანა, მაგრამ უკვე წლებია მოქალაქეებს თანხას აღარ ურიცხავს. 

გასულ წელს რამდენიმე მესაკუთრემ კომპანიას სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო სასამართლოშიც უჩივლა. სასამართლოს მიერ მათთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად საქმე დღემდე აღსრულებაშია გადაცემული. 

მოქალაქეები ამ წუთებში აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ხვდებიან.

ჭავჭავაძისა და ჰ. აბაშიძის ქუჩების კვეთაში მრავალსართულიან კორპუსს კომპანია „ჰოლდერი“ აშენებს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში