ენმ მტკიცებით აჭარის მთავრობამ ხელფასი გაზარდა, მთავრობა კი ირწმუნება, რომ სახელფასო ფონდი შემცირდა

31 იანვარი 2018, 00:00 2793 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ამტკიცებს, რომ აჭარის მთავრობამ სახელფასო ფონდი გაზარდა, მთავრობა კი ოპოზიციას სიცრუის ტირაჟირებაში ადანაშაულებს.

ხელფასების მატების შესახებ ინფორმაცია რეზო ხარაზმა ბრიფინგზე გაავრცელა. ოპოზიციური პარტიის წევრის განცხადებით "აჭარის მთავრობაში პრივილეგირებულმა პირებმა ხელფასები თითქმის გაიორმაგეს, დაბალი რანგის მოხეელეების ხელფასები კი იგივე დარჩა" - აცხადებს ხარაზი.

მაგალითისთვის კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძისა და უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ ბერიძის ხელფასები დაასახელა.

"აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ყოველთვიური ანაზღაურება 5750 ლარია, ავთანდილ ბერიძის – 3200 ლარი. ავთანდილ ბერიძე დღეს ხელფასს იღებს იმაში, რომ უმაღლესი საბჭოს და დავით გაბაიძის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. წარმოიდგინეთ, ამ დროს საბავშვო ბაღის აღმზრდელის ხელფასი 240 ლარია, სანდასუფთავების თანამშრომლის – 280, პენსიონერის შემოსავალი კი თვეში 180" - აცხადებს ხარაზი. 

ხარაზის განცხადებას, ხელფასების მატების თაობაზე, აჭარის მთავრობაში გამოეხმაურნენ და ოპოზიცია  სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულეს.

 მთავრობის აპარატის სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბესო ლილუაშვილი ამბობს, რომ მთავრობამ სახელფასო ფონდი შეამცირა.

"მთავრობის თავმჯდომარის ხელფასი და დანამატი იყო 5793 ლარი, პირველი იანვრიდან კი შემცირდა და განისაზღვრა 5750 ლარით. აქვე ავღნიშნავ, რომ მთავრობის აპარატის  სახელფასო ფონდი  60 030 ლარით შემცირდა, რაც განპირობებული იყო მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით 4 საშტატო ერთეული გაუქმების თაობაზე. 

რაც შეეხება დეპარტამენტისა და განყოფილების უფროსების, ასევე სპეციალისტების ხელფასებს,  მათ მცირედით გაეზარდათ ანაზღაურება, თუმცა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა საუბრები სადღესასწაულო თუ კვარტალურ პრემიებზე" - განაცხადა ლილუაშვილმა. 

სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის განვითარების ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ ბაღის თანამშრომლებს  ანაზღაურება არა 240, არამედ 420 ლარი აქვთ.

"აღმზრდელის ხელფასი 240 კი არა 420 ლარია.  რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი, მერია ბაღებთან მიმართებაში რეორგანიზაციას ახორციელებს და სახელფასო სარგოს გაზრდასთან დაკავშირებითაცაა საუბარი" - განმარტავს ბესო ლილუაშვილი. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში