''ქართული ოცნების'' არაადეკვატური განცხადება'' - ვაშაძე პრემიერთან შეხვედრაზე

04 ივნისი 2018, 00:00 1566 ნახვა

''ახალი საქართველოს''  ლიდერი ''ქართულ ოცნებას'' მოუწოდებს, გადაწყვეტილება შეცვალონ და ხორავას ქუჩაზე მოკლული ახალგაზრდების მშობლებთან ერთად, გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრას პოლიტიკოსებიც დაესწრონ. 

''სამწუხაროდ, ''ქართული ოცნების'' კიდევ ერთი არაადეკვატური განცხადება მოვისმინეთ. ორ საათამდე კიდევ არის დრო და ამ საკითხთან დაკავშირებით, თავის მოსაზრებებს იმედია გადახედავენ. ჩვენ გვთხოვა ზაზა სალარიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომ მათთან ერთად მივიღოთ მონაწილეობა ამ შეხვედრაში. ცალკე შეხვედრა რომ უნდოდეთ, აქამდე შეხვდებოდნენ'' - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

''ახალი საქართველოს'' ლიდერი ამბობს, რომ თუ პრემიერ მინისტრი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა შეთავაზებას არ დათანხმდება, კვირას რუსთაველის გამზირზე ხალხმრავალ აქციას მიიღებს. 

''ჩვენ ძალიან კონკრეტული სამოქმედო გეგმა გვაქვს. ბურთი მათ მხარეს არის, სიტუაციიდან გამოსავალი მათ მხარეს არის. გაცილებით კონსტრუქციულ სწორ ნაბიჯებს ვდგამთ. თვითონ გადაწყვიტონ რა უნდათ. ამის საპირისპიროდ, რას ვაპირებთ ყველამ იცის, კვირას მთელი საზოგადოება შეიკრიბება აქ'' - აღნიშნა ვასაძემ. 

​''ახალი საქართველოს' ლიდერმა გუშინ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რომ პრემიერ მინისტრთან აუდიენცია სურდათ, თუმცა საკითხი მთავრობის მეთაურთან შეთანხმებული არ იყო. 

დღეს გიორგი კვირიკაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერი მზად არის, პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების გარეშე, მოკლული მოზარდების მშობლებს შეხვდეს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში