''პირადად ვიძიებ შურს'', ''საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ'' - აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ამ განცხადებას სახალხო დამცველი შეისწავლის

10 დეკემბერი 2018, 00:00 4645 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, გუშინ, 9 დეკემბერს,  ერთ-ერთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ თოქ-შოუში ჯელალ ქიქავას მიერ 3 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ ქიქავების და სხვა ოპონენტების განცხადებები ყოველგვარ ზღვარს ცდება და პირადად იძიებს შურს მათზე და პოლიტიკური ველი ასეთი ადამიანებისგან გაიწმინდება.  

"ჩვენი ოპონენტების საქციელი, მათი განცხადებები ცდება უკვე ყოველგვარ ზღვარს. გუშინ თქვენ მოისმინეთ ქიქავების და სხვა ამ ტიპის სუბიექტების ყოვლად სამარცხვინო განცხადებები. ვაცხადებ რომ პირადად ვიძიებ შურს ყველა ადამიანზე, რომელიც გაბედავს აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას. ​ჩვენ მათ საკონტროლო დარტყმა გავუკეთეთ და პირობას ვდებ, რომ ჩვენ ამას მივიყვანთ ბოლომდე. ყველა ეს ადამიანი ამ ველისგან გაიწმინდება.

არავისთან არ ვაპირებ არც პოლიტიკურ ვაჭრობას, ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩვენი გუნდი დაიცავს თითოეული ადამიანის უფლებას და თავისუფლებას. უნდა მიეჩვიონ რომ ჩვენთან ვაჭრობა ვერ გაგრძელდება ვერც მერკანტირული ვერც პოლიტიკური" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებას სახალხო დამცველი აფასებს. ამბობს, რომ დეტალურად შეისწავლის თორნიკე რიჟვაძის ამ კომენტარის შინაარსს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საჯარო თანამდებობის პირისგან მუქარის შემცველი, არაეთიკური ან დისკრიმინაციული განცხადებები სახალხო დამცველის რეაგირების გარეშე არ დარჩება.

ოპონენტის შეფასების შესახებ ვიდეო აჭარის მთავრობის ოფიციალურ ფბ გვერდზე გუშინ, 9 დეკემბერს, საღამოს გავრცელდა. 

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში