ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის 28 ნომერში მცხოვრებლები სახურავის რეაბილიტაციას ითხოვენ

17 იანვარი 2019, 00:00 1560 ნახვა

ბათუმში ბარათაშვილის ქუჩის 28 ნომერში მცხოვრებლები სახურავის რეაბილიტაციას ითხოვენ. სახურავი ნაწილობრივ ქარის შედეგად დაზიანდა, ჩამოდის წყალი, გარდა ამისა არის ძველი  და ამორტიზებული.  მობინადრეების ინფორმაციით, მერიას სახურავის შეცვლის თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უარი მიიღეს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლებს, 2018 წლამდე რეაბილიტაცია თვითმმართველობის ბიუჯეტით არ უტარდებოდა. 

 ადგილობრივების განმარტებით, სახლი  საუკუნეზე მეტია ექსპლუატაციაშია  და არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე. 

სიტუაციას ადგილზე გაეცნენ, როგორც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები. 

ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის სამმართველოში აცხადებენ, რომ სახურავს დროებით ტენტით გადახურავენ, მოგვიანებით კი კომისია ქარის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე იმსჯელებს. რაც შეეხება სახურავის სრულ რეაბილიტაციას, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ უფროსის განმარტებით, მობინადრეებმა პროექტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში უნდა შეათანხმონ, ამის შემდეგ კი მერიის პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით სახურავის გადახურვას შეძლებენ. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში