პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, რაც მოხდა, არის ყველასი - აკაკი ზოიძე 

25 ივნისი 2019, 12:58 1271 ნახვა

ჩვენ ვართ დაძაბული, ჩვენ ერთმანეთს სიძულვილის ენით ველაპარაკებით, სამოქალაქო თანხმობის მისაღწევად, აუცილებელია პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ყველასია - განაცხადა პლენარულ სხდომაზე 20 ივნისის მოვლენების შეფასებისას "ქართული ოცნების" დეპუტატმა აკაკი ზოიძემ. 

"​ჩვენ დავღალეთ ჩვენი მთავრობა, დავღალეთ ხალხი და გავახარეთ მტერი, რომელსაც აქვს ისედაც გახარების საფუძველი, გუშინდელი ევროსაბჭოს გადაწყვეტილების შედეგად, როდესაც რუსეთს ხმა დაუბრუნეს. არანაკლებ გახარებულია ის მტერი, იმ რეჟიმის, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა ეჩხირება კისერში. პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, რაც მოხდა, არის ყველასი. ჩვენ გვყავს 270 დაშავებული,აქედან 80 სამართალდამცველი, ხოლო ორი მოქალაქე, რომელიც დღემდე მძიმედაა .. იმ დაკარგულ თვალს და იმ დასახიჩრებულ ახალგაზრდებს ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ".

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკური პასუხისმგებლობის პარალელურად, არსებობს პასუხისმგებლობა იმ ტოქსიკური ძალის, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ სპეცრაზმი გამოვიდოდა და ყველაფერი გააკეთეს ამას - თქვა დეპუტატმა. 

"ამავდროულად არსებობს პასუხისმგებლობა იმ ხალხის, ხალხს ვერც დავარქმევ ამათ, იმ ტოქსიური ძალის, იმ წამქეზებელი პოლიტიკოსების, რომლებმაც ძალიან კარგად იცოდნენ რა მოჰყვებოდა ამას. ახალგაზრდები სპეცრაზმელებთან მარტო მიატოვეს და მათ სახესა თუ სხეულზე ერთი ნაკაწრიც კი  არ მინახავს. მიატოვეს და მათ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღებაც არ უნდათ. პირველ რიგში მათ ეკუთვნით პასუხისმგებლობა ვინც ეს ადამიანები წააქეზა, ვინც სახელმწიფო გადატრიალებისკენ წაიყვანა და შეატოვა შეიარაღებულ ძალას"-აკაკი ზოიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში