განსხვავებული პოზიციის გამო ჩვენ, გუნდის წევრებს არ ვსჯით - მამუკა მდინარაძე

28 ივნისი 2019, 19:25 1006 ნახვა

სანქციებზე საუბარი არ ყოფილა, იმ დეპუტატების მიმართ, რომლებმაც გუნდის საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირეს - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ. ''ქართული ოცნების'' წევრი ამბობს, რომ მათ პარტიის ლიდერისგან შენიშვნაც კი არ მიუღიათ. 

მდინარაძის თქმით, "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ შეხვედრაზე ზოგადად ისაუბრეს იმ 4 დეპუტატის შესახებ, რომლებმაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებაზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს.

''მთელი მედიასივრცე დღეს გადაჭედილი იყო ნიუსებით, რომ ამ დეპუტატებს ოცნების რიგებიდან გარიცხავდნენ, ეს მოლოდინი არ გამართლდა. მინდა დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ იყო ზოგადი საუბარი. ეს არ არის საბავშვო ბაღი, რომ ვიღაც მოიყვანო, დატუქსო და უთხრა, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცე, შვილო, ასე არ ხდება,“ - განაცხადა მდინარაძემ.

''ქართული ოცნების'' დეპუტატი არ მალავს, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, მმართველის გუნდის წევრთა ნაწილი, ოთხი დეპუტატის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოც დარჩა. 

''გამოითქვა კრიტიკული აზრი, მათ შორის იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც კონკრეტულ შემთხვევებში აფიქსირებენ ხოლმე გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას. ეს გუნდურობის პრინციპს ეწინააღმდეგება. მეც დავუდასტურებ ბატონ გიას, რომ არ არის კარგი, როდესაც გიწევს ადამიანს ბოლომდე იყო პრინციპული სახელმწიფოებრივ საკითხებთან დაკავშირებით და ერთი, ორი, თუ სამი წევრი ამ მიდგომას გამოაკლდება, მაშინ როდესაც მართალი ხარ და მეორე მხრიდან რაღაც მორალურ ღირებულებებზე გელაპარაკებიან. გელაპარაკებიან ადამიანები, რომლებიც არიან წამქეზებლები, რომლებიც არიან შემოქმედები იმისა, რაც მოხდა 20 ივნისის ღამეს'' - უთხრა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა მარიამ ჯაშმა, რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში