ქობულეთში მეეზოვეები სამარშრუტო ტაქსით გადაყავთ - მიკროავტობუსების მოძრაობა აკრძალულია

21 მარტი 2020, 19:05 2969 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციას მთელი რიგი შეზღუდვები მოჰყვა, მათ შორის სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილება, რადგან ახლო კონტაქტი და მჭიდრო სივრცე ვირუსის გავრცელების უპირველეს ხელშემწყობ ფაქტორად მიიჩნევა.

ამ გადაწყვეტილებას მოქალაქეები და მძღოლების ნაწილი გაგებით მოეკიდნენ და რეკომენდაციას ნებაყოფლობით დაემორჩილდნენ. მოძრაობა შეწყდა, თუმცა ქობულეთის მერიის სანდასუფთავების სამსახურმა რეკომენდაცია არ გაითვალისწინა. 

„ფორდის მარკის“ პატარა სამარშუტო ტაქსი, რომელშიც 15 მგზავრი ეტევა, თუმცა გაცილებით მეტი მგზავრობს. ყოველ დღე, დილის 6-ნახევარზე გელაურის დასახლებიდან, მეეზოვეების ის ნაწილი გადაჰყავს, რომელთაც ქალაქის სხვადასხვა უბნებში ანაწილებენ.

მეეზოვეები გვიყვებიან, რომ "მარშუტკა  პატარაა და შიგნით დაახლოებით 25 - ადამიანი გაუსაძლის პირობებში, სივიწროვეში, უჰაერო სივრცეში და ფეხზე დგომით გადაჰყავთ". ამბობენ, რომ მათთვის ასეთი ფორმით მგზავრობა საფრთხის შემცველია, როდესაც ქვეყანაში პანდემია მძვინვარებს. "არც პირბადე, არც სამედიცინო ხელთათმანები არ დაურიგებიათ" - გვიყვებიან მეეზოვეები. 

გვარწმუნებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს ამ საკითხზე ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურს, თუმცა არ გაითვალისწინეს. მეეზოვეები მოითხოვენ იმ ავტობუსით მომსახურებას, რომელიც აიპი ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის ბალანსზე ირიცხება და მხოლოდ ზაფხულში, ტურისტული სეზონის დროს გამოჰყავთ სადგომიდან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელმა დილით სანდასუფთავების თანამშრომლების სატრანსპორტო საშუალება გადაიღო. სამარშრუტო ტაქსი რეალურად გადატვირთული იყო და თანამშრომლებს ფეხზე მოუწიათ ყოფნა. 

რატომ ვერ გათვალა მერიამ შესაძლო რისკები და არ გაითვალისწინა მთავრობის რეკომედაცია?  ​ აიპი ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის იურისტი ლაშა რომანაძე ამბობს, რომ „მეეზოვეები, რომლებიც ყოველ დღე გადაჰყავთ სამუშაოდ, არ შედიან რისკჯგუფში და დანარჩენ მოსახლეობასთან არ აქვთ ურთიერთობა. ამბობს, რომ მარშუტკას 2-ჯერ უტარდება დეზინფექცია და გაცემულია რეკომენდაციებიც. რაც შეეხება ავტობუსს, რომელსაც ითხოვენ მეეზოვეები, ის 2 დღეში შეკეთდება და ჩვეულებრივ რეჟიმში მოემსახურება მეეზოვეების გადაყვანას“.

ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურში, მობილურ ჯგუფებთან ერთად, დაახლოებით 130-ზე მეტი მეეზოვე მუშაობს, რომლებიც ქალაქის დასასუფთავებლად და წესრიგში მოსაყვანად, დილის 5-საათზე დგებიან

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში