ჯუმბერ ვარდმანიძემ კაბინეტი და მერიის ეზოს თანამშრომლების დახმარებით დატოვა

15 ოქტომბერი 2020, 18:24 768 ნახვა

გადააყენებს თუ არა ხელვაჩაურის მერს საკრებულო, არ ვიცით, რადგან თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები კომენტარზე უარს აცხადებენ. ჯუმბერ ვარდმანიძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ონლაინგამოცემა ბათუმელების ჟურნალისტს აგინა, დღეს საკუთარი ამომრჩეველისთვის მოსმენა ბოლომდე არ ისურვა.

მან ჯოჭოში სტიქიის დროს, ტრაგიკულად დაღუპული თედორაძეების ოჯახის წევრების არაერთი თხოვნის მიუხედავად, რომ არ გასულიყო კაბინეტიდან, მაინც წავიდა. შენობა , მოგვიანებით კი მერიის ეზო თანამშრომლების დახმარებით დატოვა. ამისთვის სხვადასხვა მანქანა დასჭირდა.

დაღუპულის დედა და დეიდები დილიდან მერის კაბინეტში იმყოფებოდნენ და მას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. ირწმუნებიან, რომ მერიამ ოჯახის მიმართვა და გეოლოგიოური დასკვნა დამალა, ტრაგედიის შემდეგ კი მერია პასუხიმგებლობას გაექცა. ამბობენ, რომ მერი სამძიმარზეც არ მისულა. ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას გეოლოგიის სამსახურსაც აკისრებს. ჯუმბერ ვარდმანიძეს მიაჩნია, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა. აცხადებს, რომ თუკი მისი ბრალეულობა დადგინდება, მზადაა პასუხი აგოს.

დღეს დაღუპულის დეიდას სასწრაფო დახმარების ბრიგადის დახმარებაც დასჭირდა. უფრო ადრე კი მონიტორინგის ჯგუფის წევრ მერაბ ღოღობერიძესა და თედორაძეების ოჯახის წევრებს შორის მოხდა დაპირსიპირება, ჯუმბერ ვარდმანიძის კაბინეტში.

შეგახსენებთ, სოფელ ჯოჭოში, მეწყერი 1 ოქტომბერს, ღამით ჩამოწვა. მიწის მასის ქვეშ აღმოჩნდა თედორაძეების საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომობილი. გარდაიცვალა ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში