მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას - საგარეო საქმეთა მინისტრი

18 ნოემბერი 2020, 12:09 967 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომავალში უნდა ველოდოთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებით. დავით ზალკალიანის თქმით, შეხვედრა შინაარსიანი და საგნობრივი იყო. საუბარი შეეხო ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას

''მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ აუცილებელია, ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზარდოს საქართველოში. მხედველობაშია სწორედ აშშ-ის მეტი ყოფნა საქართველოში ყველა მიმართულებით, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური მიმართულებით, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით. ვფიქრობ, ეს შეხვედრა ჩვენ მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს.

კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამერიკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

საგნობრივი, დეტალური საუბარი იყო უსაფრთხოების იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს წინაშეა. რეგიონში შექმნილი სიტუაცია იყო განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება და ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ვთანხმდებით, რომ საქართველოს ამერიკის გარეშე ძალიან გაუჭირდება ამ გამოწვევებთან გამკლავება, ამიტომ მათი მხრიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან არის სრული მზაობა.

ვფიქრობ, რომ იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა დროის თვალსაზრისითაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შინაარსი, განხილული თემები მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ჩვენ მომავალში უნდა ველოდეთ ამერიკის მეტ ჩართულობას, მეტ აქცენტებს რეგიონთან მიმართებით, საქართველოსთან მიმართებით, რადგანაც კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ საქართველო არის რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე, სანდო პარტნიორი, დასაყრდენი. ვფიქრობ, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია და ეს ვიზიტი მომავალში კიდევ მოგვცემს მნიშვნელოვან ხელშესახებ შედეგებს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში