თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის გამგებლის მოადგილეს პატიმრობა შეუფარდა

26 იანვარი 2021, 20:05 952 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომაზე დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობის შეფარდებას. 

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდების მხარის პოზიცია სრულად გაიზიარა. დაკავებულის უფლება დამცველის რობერტ გრიგალაშვილის განცხადებით, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 მარტს ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილე, ლადო გოგსაძე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დგინდება, რომ ჩუღურეთის რაიონში, არაგვისპირელის ქ. N32-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოების შესახებ, 2020 წლის 30 აპრილს, გამოცხადდა ელექტრონული ტენდერი, ღირებულებით 126 572 ლარი, რომელშიც მონაწილეობის სურვილი დააფიქსირა ორმა კომპანიამ. ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოადგილემ, როგორც სატენდერო კომისიის პასუხისმგებელმა პირმა, გადაამეტა რა თავის სამსახურებრივ უფლებამოსილებას, 2020 წლის 29 მაისს, სამუშაო კაბინეტში დაიბარა ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი შპს-ს წარმომადგენელი და განუცხადა, რომ ხსენებული ტენდერი უნდა მოეგო მისთვის სასურველ კომპანიას და აქედან გამომდინარე შესყიდვაში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით. სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში