სავარაუდოდ მარტის ბოლოს ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება - თამარ გაბუნია

05 მარტი 2021, 18:07 366 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ფაიზერთან და კოვაქსთან შედგა დაგეგმილი სატელეფონო კომუნიკაცია.

წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად მარტის ბოლოდან ვაქცინაციის პროგრამა "ფაიზერის" მიმართულებით დაიწყება.

"დაზუსტდა დამატებითი პირობები „ფაიზერის“ ვაქცინის მოწოდებისთვის. ჩვენ გვქონდა საშუალება, რომ დეტალურად გაგვევლო ყველა ეტაპი „ფაიზერის“ ქვეყანაში შემოტანის. ცივი ჯაჭვის მოთხოვნები, ასევე კონკრეტული ინფორმაცია მოითხოვა „ფაიზერმა“ იმ ცენტრებზე, სადაც მოხდება ვაქცინის გადატანა აეროპორტიდან და ვაქცინაციის ადგილების შესახებ ინფორმაცია. ეს სამედიცინო დაწესებულებები დიდი ხანია, შერჩეულია და ეს ინფორმაცია გაიგზავნა „ფაიზერის“ სათაო ოფისში საბოლოო დასტურისთვის. წინასწარი ინფორმაციით, ვაქცინის მოწოდება მოხდება 22 მარტის კვირაში. ამდენად, მარტის ბოლომდე ვაქცინაციის პროგრამა "ფაიზერის“ მიმართულებით დაიწყება.

ასევე გვაქვს სიახლეები "ასტრაზენეკას" ვაქცინის მოწოდებასთან დაკავშირებით. იუნისეფმა“ უკვე მიიღო დასტური „ასტრაზენეკასგან“ პირველი დოზების მოწოდებაზე, ანუ ის ნაწილი ალოკაციის, რომელიც საქართველოს არის განკუთვნილი, 129 600 დოზა, რაც მაისის ბოლომდე უნდა მივიღოთ, პირველი ნაწილი ჩამოვა მარტის ბოლომდე და ესეც მოსალოდნელია, რომ 22 მარტის კვირაში მივა „იუნისეფთან“ და შემდეგ გამოიგზავნება საქართველოში ამსტერდამის განაწილების ცენტრისგან. მოლოდინი გვაქვს, რომ ვაქცინაცია ქვეყანაში მარტის ბოლოს უნდა დაიწყოს.

სამინისტროს "ფაიზერთან" მიმართებაში ხარვეზი არასოდეს ჰქონია და "ფაიზერს" არასოდეს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ. საკითხი და დღევანდელი სატელეფონო ზარი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. ყველა ინფორმაცია, რომელიც „ფაიზერს“ სჭირდება ვაქცინაციის გამოშვებისთვის აქვს, ასევე აქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს. ვაქცინები დღევანდელი ინფორმაციით, შემოვა ქვეყანაში 22 მარტის კვირაში. „ფაიზერის“ დოზა არის 29 250, როგორც ეს იყო დაანონსებული“,- განაცხადა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ვაქცინის პირველი დოზა მხოლოდ მედპერსონალისთვის იქნება განკუთვნილი.

"ეს პირველი მოწოდება იქნება სამედიცინო პერსონალისთვის და მათ საჭიროებას დაფარავას, თუმცა, მალევე, აპრილში, ველოდებით შემდეგ დოზებს, რომ გადავიდეთ შემდეგ ჯგუფზე“, - განაცხადა გაბუნიამ

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში