„ოცნების ქალაქში“ მცხოვრები ოჯახები ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ითხოვენ და აქციას მართავენ 

22 მარტი 2021, 16:10 1280 ნახვა

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებმა მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გამართეს. ისინი ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს ითხოვენ და ასევე კრიტერიუმების დადგენას, რომლის მიხედვითაც გადაწყდება, ვის ეკუთვნის ბინა კორპუსებში, რომელიც ახლა შენდება. 

ფიქრობენ, რომ დასახლებაში მცხოვრებთა დიდ ნაწილს ბინები არ შეხვდება.

''ხელშეკრულებები გააკეთონ, დაგვაზღვიონ და ხმას არ ამოვიღებთ. თუ ყველა ოჯახს აკმაყოფილებენ მაშინ ინდივიდუალურად მივიდნენ და გააფორმონ დოკუმენტურად. გახარია, რომ წავიდა, ასე რომ წავიდეს ბატონი თორნიკე, ბატონი რამაზი, მერე ჩვენ რა გავაკეთოთ. მე პოლიცია და გზის გადაკეტვა კი არ მეხალისება. ვფიქრობ, რომ ყველა არ დაკმაყოფილდება და ამიტომ ვარ აქ, ჯაბა ფუტკარაძესთან უნდა შევიდეთ ყველა. 15 ადამიანის გაჩერება ადვილია, ზღაპრების მოსმენა აღარ მინდა.

1740 კაცია სამივე დასახლებაში. ეჭვი მაქვს ვისაც სამი ბინა აქვს, იმას მისცემენ მეოთხეს და სახლი ვისაც არ აქვს, სწორედ ის დარჩება საცხოვრებლის გარეშე'' - აცხადებს მარინა ბერიძე. 

რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეთა ნაწილი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან შესახვედრად შევიდა. 

"ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ყოველწლიურად აჭარის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პრიორიტეტების დოკუმენტს. "ოცნების ქალაქის" პრობლემების გადაჭრისთვის პრიორიტეტების ოთხწლიან დოკუმენტში ეს თანხები გაწერილია, როგორც პირველი ეტაპის ისევე მეორე ეტაპის მშენებლობისთვის. ამ ყველაფრის ცვლილება დღეს ასე მინდოდა და ხვალ ასე იქნება არ ხდება. 

 წელს უკვე   მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ბიუჯეტში გაწერილია თანხები პროექტის შესასყიდლად. მეორე ეტაპი უპირველეს ყოვლისა მოიცავს ბინების მშენებლობას დარჩენილი მოქალაქეებისთვის და განაშენიანების გეგმის შემუშავებას.

რაც შეეხება ბინების გადანაწილების საკითხს, ყოველ ხუთშაბათს იკრიბება სამთავრობო კომისია. ჩვენ მზად ვართ "ოცნების ქალაქის" ნებისმიერი წარმომადგენელი შევიყვანოთ სამთავრობო კომისიაში და თქვენი წარმომადგენელი ყოველ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას თავად მოაწერს ხელს.

თუ არსებობს რომელიმე სამართალმცოდნე, იურისტი, ვისაც თქვენ ისურვებთ და ამაზე უკეთეს ბერკეტს მეტყვის, მე მას მოვუსმენ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სურვილების დონეზე, ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში"- მიმართა ჯაბა ფუტკარაძემ აქციის მონაწილეებს.

ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებმა აქცია გუშინაც გამართეს. 

„ოცნების ქალაქის“ დასახლება 2012 წელს გაჩნდა, წლების განმავლობაში შენდებოდა ხის და ქვის სახლები და იზრდებოდა მაცხოვრებელთა რიცხვიც. 

ე. წ ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის სოციალური სახლების მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. სამ კორპუსში ბინას 582 ოჯახს გადასცემენ. პროექტი 2024  წლამდე გახანგრძლივდა, რაც 1500-ზე მეტი ბინის მშენებლობას ითვალისწინებს, რისთვისაც სულ 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში