საქართველოს რაგბის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონთან ორ შეხვედრას გამართავს

10 მაისი 2021, 19:25 447 ნახვა

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები ივლისში ბორჯღალოსნებს ორ მატჩიან ტესტ სერიაში სამხრეთ აფრიკაში უმასპინძლებს. სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩები 3 და 10 ივლისს გაიმართება. ესაა პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ აფრიკას მსოფლიო თასს მიღმა შევხვდებით. აქამდე ‘ბოკეს’ ერთადერთხელ, 2003 წლის მსოფლიო თასზე ვეთამაშეთ. მეტოქემ 46:19 მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო თასზე პირველი ლელო (დავით დადუნაშვილი) გაიტანა.

2019 წლის 2 ნოემბერს, სამხრეთ აფრიკამ მესამედ მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული და ამ რანგში, თავის პირველ მატჩს სწორედ საქართველოსთან გამართავს. ბორჯღალოსნები აფრიკას შარშან ზაფხულში უნდა წვეოდნენ, მაგრამ მაშინ ეს თამაში კოვიდ-პანდემიამ ჩაშალა. სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებამდე ბორჯღალოსნები 26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩს გამართავენ და ბელგია-ნიდერლანდებს (29 მაისს გაირკვევა) შორის გამარჯვებულს უმასპინძლებენ.

3 და 10 ივლისს სამხრეთ აფრიკასთან ტესტ-მატჩების შემდეგ, შინ მობრუნებული ბორჯღალოსნები 17 ივლისს შოტლანდიას უმასპინძლებენ. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო ზაფხულში ზედიზედ სამ ტესტ-მატჩს გამართავს ტიერ1-ის ნაკრებებთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მსოფლიო რაგბმა ქართული რაგბის დაფინანსება აღუდგინა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში