მიხეილ სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნებოდა - კონსილიუმის წევრი მარინა კურატაშვილი

14 დეკემბერი 2021, 19:57 1070 ნახვა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრი მარინა კურატაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ აღენიშნება - ამის შესახებ ექიმმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, ექსპრეზიდენტს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაზრდილი დოზით არ მიუღია.

"არ ვადასტურებ, მე ვერ ვხედავ ფარმაკოლოგიური წამების ნიშნებს. ბატონი მიხეილი ვნახე ერთჯერადად და ამის ნიშნები არ ეტყობოდა. ასე რომ, ვერ დავადასტურებ. სათითაოდ გავეცანი მხოლოდ იმ მედიკამენტების დანიშნულების ფურცლებს, რომლებიც მას აქვს დანიშნული გორის ჰოსპიტალში გადაყვანის შემდეგ. აქ დოზები ნამდვილად არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ვინმეს მისი წამება უნდოდა. რა იყო სხვა დაწესებულებებში, არ ვიცი, მაგრამ გავეცანი ჩემი კოლეგების კონსულტაციებს, სადაც ბატონი მიხეილის მონაყოლის მიხედვით არის დაფიქსირებული, თუ რა წამლებს იღებდა. იქ არის მაქსიმუმი დოზა, ისევ "ქვეტიაპინზე" ვლაპარაკობ. მას დანიშნული ჰქონდა 100 მილიგრამი და თუ 100 მილიგრამზე ვერ დაიძინებდა, უმატებდნენ 50 მილიგრამს", - აცხადებს ფსიქიატრი მარინა კურატაშვილი.

ფსიქიატრმა ისაუბრა ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობაზე და აღნიშნა, რომ ამაზე საუბარი, ჯერ ნაადრევია. 

"ჯერ უნდა ჩამოიწეროს მისი საჭიროებები, განისაზღვროს მის მკურნალობასთან და რეაბილიტაციასთან დაკავშირებული საჭიროებები და მერე უნდა შეფასდეს რამდენად შესაძლებელია ამ საჭიროებების ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი რესურსებით დაკმაყოფილება. დღეს ჯერჯერობით არ არის მწვავე მდგომარეობა და როდესაც ჩატარდება მკურნალობა და ფსიქოტერაპიაც მიეშველება ამ მკურნალობას, აცხადებს კურატაშვილი. 

ცოტა ხნის წინ, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მდგომარეობის შესახებ დასკვნა წარადგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში