მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავეთ Datacomm-ის სახელით მიღებულ შეტყობინებებში მითითებული ბმულის გახსნისგან - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური

27 აპრილი 2022, 14:50 1046 ნახვა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მომხმარებლებმა Datacomm-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ Datacomm-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. ლინკის) გახსნისაგან.

"2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, როგორც სატელეფონო კონსულტაციის ფარგლებში, ისე ელექტრონული ფოსტისა და სოციალური ქსელის მეშვეობით, შეტყობინებით მომართა არაერთმა პირმა, რომლებიც უთითებენ იდენტური შინაარსის გარემოებებზე.

კერძოდ, მათ „Datacomm“-ის სახელით მიიღეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები, სადაც მითითებულია მათი სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ბმული (ე.წ. „ლინკი“).

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ „Datacomm“-ის სახელით მსგავსი შინაარსის მიღებულ შეტყობინებებში მითითებული არასანდო ბმულის (ე.წ. „ლინკის“) გახსნისაგან, რადგან ბმული შეიძლება შეიცავდეს ვირუსს ან მავნე პროგრამებს (malware, spyware), რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თქვენს ელექტრონულ მოწყობილობებში შენახულ პერსონალურ მონაცემებზე უკანონო წვდომა.

მნიშვნელოვანია, თქვენი პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად დაიცვათ კიბერუსაფრხოების წესები და თავი შეიკავოთ არასანდო და არაიდენტიფიცირებული შეტყობინებებით (SmS, Email, Messanger…) მიღებული ბმულების (ე.წ. „ლინკები“) გახსნისაგან.

გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული ფაქტი შესაძლოა შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს, 2022 წლის 27 აპრილს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ სამსახურში შემოსული შეტყობინებები წარმოდგენილ თანდართულ ფოტომასალასთან ერთად შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეგზავნა შესაბამისს საგამოძიებო სამსახურს"-აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში