აქცია წყლის მიწოდების და გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით 

31 მაისი 2022, 14:42 984 ნახვა

საპროტესტო აქცია გაიმართა მახინჯაურში, თამარ მეფის მესამე შესახვევში.  მოსახლეობა  სასმელი წყლის მიწოდებას ითხოვს.  ამბობენ, რომ რეზერვუარის მოწყობის მიუხედავად 60-მდე ოჯახს წყალი არ მიეწოდება. წლებია წყალს შორი მანძილიდან ეზიდებიან, ეზოებში მოწყობილი ჭაბურღილები კი ავტობანის მშენებლობის გამო დაზიანდა.  

აქციაზე შეკრებილები გზისა  და გარე განათების ბოძების მოწესრიგებასაც ითხოვენ. მათი ინფორმაციით, არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ თვითმმართველობას თუმცა  პრობლემები არ მოგვარებულა.

ამავე ქუჩაზე  ნაგვის ურნების განთავსებასა და მუნიციპალური ავტობუსის დანიშვნას სთხოვენ შესაბამის უწყებებს.

მერიის კეთილმოწყობის სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის რეზერვუარისთვის საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობენ და სექტემბრამდე თანხების მობილიზაციას უზრუნველყოფენ, ზუსტ დროს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა ირწმუნებიან, რომ სამომავლო გეგმებს შორისაა გზის მოასფალტებაც.

რაც შეეხება ბოძების საკითხს, პრობლემის მოგვარებას 1 თვეში ჰპირდებიან მოსახლეობას.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში