მიხეილ ყაველაშვილი კელი დეგნანს ღია წერილით მიმართავს

08 ივლისი 2022, 11:33 849 ნახვა

,,ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილის მორიგი განცხადება, რომლის ადრესატიც ამჯერად  საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩია. ყაველაშვილი დიპლომატს  ღია წერილით მიმართავს და აცხადებს, რომ ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც დეგნანის განცხადებები თუ დუმილი, „რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას“. 

დეპუტატის  განცხადებით, ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ დეგნანისგან დაფინანსებულ თუ მასთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან ელჩის არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ.

,,რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია. ამ ყველაფერთან პირდაპირ კავშირშია დღევანდელი აქციებიც, რომლებსაც ზუსტად იგივე ხალხი აორგანიზებს, რომლებიც ომის რიტორიკით გამოირჩეოდნენ, სანქციებთან მიერთებისა და თვითმფრინავის ბორტების გაშვებისკენ მოგვიწოდებდნენ და ამ მოთხოვნებით, თებერვალ-მარტში საპროტესტო აქციებსაც აორგანიზებდნენ.  იმედია, ჩემს კითხვებზე საჯარო და მკაფიო პასუხებს მივიღებ, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ საქართველოში ამერიკის იმიჯს უმძიმესი ზიანი არ მიადგეს.

ქართველმა ხალხმა თუ დაიჯერა, რომ ამერიკას მთავრობის გადატრიალება და ხელისუფლებაში „ომის პარტიის“ მოყვანა სურს, რომელმაც ქვეყანა ომში და ბევრ სხვა უბედურებაში ერთხელ უკვე გახვია, მერწმუნეთ, საქართველოში „ამერიკულმა იდეამ“ სრული გაუფასურება შეიძლება განიცადოს“-წერს ყაველაშვილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში