ბათუმელებისთვის ბინის იაფად მისაღებად რეგისტრაცია იწყება - ნახეთ თქვენ თუ შეგიძლიათ განცხადების შეტანა

19 სექტემბერი 2019, 12:55 18549 ნახვა

ბათუმის მერია ხელმისაწვდომი ბინის მსურველთა შერჩევას იწყებს. საკრებულოს  გადაწყვეტილებით,  მერია ადმინისტრაციულ აქტს გამოსცემს და  განცხადებების მიღება დაიწყება, ასევე დაკონკრეტდება იმ დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც იაფ სახლში ფართების მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ. 

მერიის წრმომადგენლის განმარტებით, ტენდერით შეირჩევა კერძო კომპანია, რომელიც დაეხმარება მერიას გამოავლინოს ბინის შესაძლო მფლობელები, რომლებიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.  შერჩეულ ბენეფიციარებს ბინებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად, სამომავლოდ გამოსყიდვის უფლებით გადასცემათ. ოჯახებს კი ქონების გამოსასყიდლად 15 წლიანი პერიოდი მიეცემათ.

"განსაზღვრული იქნება 15 წლიანი პერიოდი, რომლითაც ბენეფიციარებს სახლები სარგებლობის უფლებით გადაეცემა.  აღნიშნული ვალდებულების შესრულების შემდგომ, აჭარის მთავრობას გადაეგზავნება წინადადება ქონების მოქალქეებისთვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით," - განაცხადა ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურის უფროსის მ/შ დავით კოპინაძემ.

ბათუმის მერიაში წლების განმავლობაში დაგროვებული 3 ათასამდე განცხადი ბინასთან დაკავშირებით, ამ სიას ახალი განაცხადები ემატება. 

ბათუმის მერიამ გასულ წელს დაასრულა იმ კრიტერიუმებზე მუშაობა, რომელსაც აღნიშნულ კორპუსში  ბინების მიღების მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ. დოკუმენტი შვეიცარიის განვითარების სააგენტოს და სოციალური კვლევების ანალიზის ინსტიტუტის მიერ შემუშავდა. კრიტერიუმებიდან ერთ-ერთი პუნქტი ოჯახების შემოსავალს ეხება. როგორც ცნობილია, ერთ სულიანი  ოჯახის შემოსავალი უნდა მერყეობდეს  400-დან 1200 ლარამდე. ორ სულიანის 400 დან 1800 ლარამდე, 3 სულიანის კი 600 დან 2400 ლარამდე.

კრიტერიუმების თანახმად, ოჯახის ერთ წევრს მაინც უნდა გააჩნდეს სტაბილური სამსახური.  ოჯახს საკუთრებაში არ უნდა გააჩნდეს საცხოვრებლად ვარგისი ბინა ან მიწის ნაკვეთი.

ბათუმში,  ჯავახიშვილის 78 ნომერში იაფი სახლის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო, თუმცა მაშინ მშენებელმა კომპანიამ მილიონ ნახევარი ლარი, მიითვისა და გაუჩინარდა. მშენებლობა 2019 წელს განახლდა. მერია 2019 წლის ბოლომდე ორ ხუთ სართულიან სახლს ააშენებს. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი