ომის 176-ე დღე

18 აგვისტო 2022, 10:42 530 ნახვა

უკრაინაში ომის 176-ე დღეა. რუსეთის იერიში მშვიდობიან მოქალაქეებზე გრძელდება. გვიან ღამით რუსეთის ძალების მიერ ხარკოვის საერთო საცხოვრებელზე სარაკეტო თავდასხმას ბოლო მონაცემებით, 7 ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ადგილზე გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს არის მხდალი და ცინიკური დარტყმა სამოქალაქო პირებზე, რომელსაც არ აქვს არანაირი გამართლება და აჩვენებს აგრესორის უძლურებას. 

ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს ქალაქ სალტოვკის რაიონს, ხარკოვის მერის ინფორმაციით, ხანძარი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დაიღუპა 1 და დაშავდა 18 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო 24 საათში ოკუპანტმა ხარკოვის რეგიონზე 5 სარაკეტო თავდასხმა განახორციელა.  გრძელდება დნეპროპეტროვსკის ოლქის დაბომბვაც, დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. გვიან ღამით რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეზე, 4 რაკეტა ინფრასტრუქტურულ ობიექტს მოხვდა.

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში უკვე 361 ბავშვი გარდაიცვალა, 714 კი დაშავდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში