ილია დარჩიაშვილი დმიტრო კულებას შეხვდა

31 აგვისტო 2022, 14:11 679 ნახვა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, პრაღაში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური მინისტერიალის ფარგლებში, უკრაინელ კოლეგას დმიტრო კულებას შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა უკრაინელ კოლეგას კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ომი მალე დასრულდება და ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა დაისადგურებს.

"მინისტრმა ხაზი გაუსვა ასოცირებული ტრიოს როლს რეგიონში და სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მინისტრები მიესალმნენ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიწვევას, როგორც ამ ქვეყნების მიმართ ევროკავშირის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის გამოხატულებას. აღინიშნა ევროკომისიის გადაწყვეტილება ტრიოს ქვეყნებისთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის თაობაზე, მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნების მხრიდან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ერთად, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ჩეხეთის მიწვევით, 30-31 აგვისტოს, ქ. პრაღაში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ ე.წ გიმნიხის შეხვედრაში მონაწილეობს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში