ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

13 სექტემბერი 2022, 17:32 731 ნახვა

49 ჯარისკაცი იმსხვერპლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან განახლებულმა სამხედრო შეტაკებებმა.  დაშავებულია სამი მშვიდობიანი მოქალაქე. ამიერკავკასიის ამ ქვეყნებს შორის ათეულობით წლების განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის ესკალაცია პოსტსაბჭოთა სივრცეში მეორე სრულფასოვანი ომის გაჩაღების საფრთხეს ქმნის.ოფიციალური ერევნის განცხადებით, დღეს გამთენიისას სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან ახლოს მდებარე რამდენიმე ქალაქს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს.  კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ და მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.პრემიერ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანი თავს ესხმის სომხურ ქალაქებს, რადგან ოფიციალურ ბაქოს არ სურს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად მოლაპარაკებების დაწყება. აზერბაიჯანი თავის მხრივ სომხეთს საზღვრის გასწვრივ სადაზვერვო საქმიანობასა  და შეიარაღების გადაადგილებაში ადანაშაულებს. კონფლიქტის  მხარეებს რუსეთი და აშშ-ი თავშეკავებისკენ მოუწოდებენ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი მხოლოდ პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით უნდა მოგვარდეს.ამ პოზიციას  ემხრობა  აშშ-იც და აღნიშნავს,რომ  კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრა შეუძლებელია.დღესვე სომხეთისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრებმა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე არსებულ სიტუაციაზე ტელეფონით ისაუბრეს და სიტუაციის სტაბილიზების მიზით ნაბიჯების გადადგმაზე შეთანხმდნენ.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას დაუკავშირდა და სომხეთს  პროვოკაციების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ევროსაბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ასევე მოუწოდა ფაშინიანს შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილებისკენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში