საფრანგეთში ყველაზე მასშტაბური გაფიცვაა. ახალი პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნის მიერ მხარდაჭერილი ეკონომიური ზომების წინააღმდეგ პროფკავშირები ქუჩაში 900 ათასამდე ადამიანის გამოყვანას აანონსებენ. სულ, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 220 საპროტესტო აქცია გაიმართება.
პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა მნიშვნელოვნად შეფერხდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობა არეულობის საფრთხის შესახებ გააფრთხილა. მომიტინგეების უკმაყოფილების მთავარი მიზეზი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ფრანსუა ბაირუს მიერ შემოთავაზებული ეკონომიური ზომებია, რომელიც შეღავათების გადახედვას, სახელმწიფო ხარჯების მკვეთრ შემცირებას და ორი სახალხო დღესასწაულის გაუქმებას ითვალისწინებს.
ახალმა პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ, უკვე უარი თქვა ბოლო ინიციატივაზე, მაგრამ პროფკავშირები აცხადებენ, რომ „კორექტირება სისტემურ პრობლემებს არ წყვეტს“ და აპირებენ „ბიუჯეტის პრიორიტეტების სრულ გადახედვას“.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, გაფიცვა ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი შეფერხებები სატრანსპორტო მომსახურების სფეროშია მოსალოდნელი. გაფიცვას რკინიგზის სექტორის ოთხი მსხვილი პროფკავშირი შეუერთდა. მეტროს მუშაობა თითქმის სრულად შეჩერდება, ასევე შეჩერდება რეგიონული მატარებლების მიმოსვლაც.
დაწყებითი სკოლის მასწავლებლების მესამედი გაიფიცება, გაფიცვის შესახებ განცხადებები პარიზის საავადმყოფოებმაც შეიტანეს. ეროვნულ გაფიცვას უერთდებიან სააფთიაქო ქსელების თანამშრომლებიც.