ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება

28 ნოემბერი 2022, 13:49 529 ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომლითაც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განაცხადებით, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ცივი იარაღის გამოყენების შედეგად დამდგარი მძიმე დანაშაულების რიცხვი საკმაოდ მაღალია.

"ჩვენი მთავარი მიზანი იყო არსებული ვითარების ანალიზი და სხვა ქვეყნების გამოცდილების ნახვა, გაზიარება. ვნახეთ, რომ ცივი იარაღის გამოყენების შედეგად დამდგარი მძიმე დანაშაულების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. მკვლელებობების 54 პროცენტი ცივი იარაღით მკვლელობაზე მოდიოდა. შესაბამისად, ვალდებული ვიყავით, კანონმდებლობა გადაგვეხედა. მიმდინარე წლის სტატისტიკა რომ ნახოთ, ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. ხშირ შემთხვევაში, მთელი წლის მაჩვენებელსაც კი უსწრებს. სწორედ ამიტომ, კანონპროექტი მოვამზადეთ, რათა ცივ იარაღთან დაკავშირებით გავამკაცროთ მიდგომები. რა თქმა უნდა, ეს არ ეხება ისეთ შემთხვებებს, როგორიცაა ნადირობა, თევზაობა, საყოფაცხოვრებო საკვების მომზადება. საუბარია, როცა ცივი იარაღი დააქვთ ჯიბით, ბარსეტკებით ატარებენ და არსებობს რისკი, რომ მძიმე დანაშაული მოხდეს. ცვლილებები სწორედ ამ მიმართულების პრევენციისთვის მომზადდა“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას, ნაცვლად 200 ლარისა, 500 ლარის ოდენობით და ცივი იარაღის კონფისკაციას.

ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება მოხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კუთხით. პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში