ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე მსჯელობის ეტაპზე, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პროკურატურის არგუმენტები გაითვალისწინა და გადაწყვეტილება წარდგენილი ბრალდებების სიმძიმით და დანაშაულის ხასიათით ახსნა.
სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. მან საზოგადოებას და ოჯახს მოუბოდიშა და თქვა რომ ნანობს ჩადენილ ქმედებას.
პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ვეტერან მოჭიდავე თავს დამნაშავედ მხოლოდ ძალადობის ნაწილში მიიჩნევს.
დაცვის მხარის განმარტებით, კურტანიძე ყოფილი ცოლის მიერ დაგეგმილი პროვოკაციის მსხვერპლია. საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს სწორედ მის ყოფილ მეუღლეს.
დღეს ასევე გახდა ცნობილი რომ კურტანიძეს ბრალი დაუმძიმდა. მას ძალადობის, ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის გარდა ბრალი საკუთრების უფლების დარღვევის მუხლითაც წარედგინა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე