ბათუმის საქალაქო სასამართლომ ლუკა კურტანიძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ ყურადღება გაამახვილა ბრალდებების სიმძიმეზე და დანაშაულის ხასიათზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების შეცვლა არ განიხილა.
კურტანიძეს, ბრალად კიდევ ერთი მუხლი - საკუთრების უფლების დარღვევა დაემატა. გამოძიების ინფორმაციით, კურტანიძე 25 ივლისს ქობულეთში ოჯახის წევრის მიმართ ძალადობის, ნივთის განზრახ დაზიანებისა და ოჯახის წევრის მიმართ დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების და ვალდებულებების შეუსრულებლობის მუხლით დააკავეს.
სამართალდამცავების მოთხოვნით სასამართლო მხარე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობდა, ხოლო ლუკა კურტანიძის გათავისუფლებას გირაოს სანაცვლოდ მისი დაცვის მხარე ითხოვდა. თუმცა, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ არ დააკმაყოფილა.
როგორც კურტანიძემ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, ის ნანობს ჩადენილ ქმედებას, თუმცა ამბობს, რომ პროვოკაციას წამოეგო.
საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 29 ოქტომბერს, 16:30 საათზე ჩაინიშნა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე