ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია? - ურთქმელიძე ამერიკელ ნევროლოგს

09 იანვარი 2023, 16:43 1014 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე მიმდინარე პროცესზე პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ურთქმელიძემ შაჰინ ემანუელ ლაჰანს კითხვით მიმართა, იცოდა თუ არა, რომ სააკაშვილი შერეული შფოთვის თუ დეპრესიის გამო, ფსიქოტროპულ პრეპარატებთან ერთად, დასამშვიდებლად მოიხმარდა ალკოჰოლს, კერძოდ, კონიაკს ორ ბოთლამდე, რაზეც ნევროლოგმა განაცხადა:

„ცუდს ვერ ვხედავ ალკოჰოლის მოხმარებაში. მოხმარება ნორმის მიღმა არ ყოფილა. შესაბამისად, ეს მნიშვნელოვან ფაქტად ვერ ჩავთვალე, რომ ჩემს დასკვნაში მეხსენებია“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლაჰანმა.

განმეორებით დასმულ კითხვაზე – ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებასთან ერთად დღეში ორი ბოთლი კონიაკის მიღება ნორმალურია? ამერიკელმა ნევროლოგმა აღნიშნა, რომ სამედიცინო თვალსაზრისით ეს ნორმალური არ არის.

„სამედიცინო თვალსაზრისით, ცხადია, მედიკამენტებთან ერთად, ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მოხმარება ნორმალური არ არის“, – აღნიშნა ამერიკელმა ნევროლოგმა.

მალხაზ ურთქმელიძემ ამერიკელ ნევროლოგს ასევე ჰკითხა,  იცოდა თუ არა, რომ სააკაშვილი დაპატიმრებამდე ფსიქოტროპულ პრეპარატებს იღებდა და მიუხედავად ამისა, მაინც მიიჩნევს თუ არა, რომ სააკაშვილი დაპატიმრებამდე სრულიად ჯანმრთელი იყო.

ლაჰანის განცხადებით, ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს.

„დიახ, რა თქმა უნდა, მე ასე ვთვლი. მილიონობით ადამიანია, რომლებიც იღებენ ამ ტიპის პრეპარატებს. თუ დეპრესია იწვევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა, თვითმკვლელობის მცდელობა ან მკვლელობა, რასაკვირველია – არა, მაგრამ დეპრესია კორექტირებას თუ ექვემდებარება, მაშინ შეგვიძლია, განვიხილოთ, როგორც ჯანმრთელი. ადამიანი, რომელსაც აქვს დეპრესია, შეიძლება, ძალიან ჯანმრთელიც იყოს. ჩემს  დასკვნაში არ მაქვს ჩამოთვლილი არც ერთი მედიკამენტი, რომელსაც, როგორც ამბობთ, დაპატიმრებამდე იღებდა. რასაკვირველია, ეს ფაქტი ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცი, მაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ვთვლი, რომ როდესაც ექიმის მიერ დამტკიცებული წამლებით ხდება დეპრესიის მკურნალობა, ამას მივყავართ გამოჯანმრთელებისკენ“, – განაცხადა შაჰინ ემანუელ ლაჰანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში