საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარების თხოვნას გამოეხმაურა - თურქეთის ელჩი

09 თებერვალი 2023, 12:44 506 ნახვა

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ალი ქაან ორბაის განცხადებით, საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე თურქეთის თხოვნას გამოეხმაურა და სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა.

"ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი, სტრატეგიული პატრნიორი, მოძმე საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც დახმარებაზე ჩვენს თხოვნას გამოეხმაურა. იმავე დღეს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, რამდენიმე საათში საქართველოს საგანგებო სიტუაციების სამსახურმა სამძებრო-სამაშველო ჯგუფების ორგანიზება განახორციელა. როგორც მაცნობეს, მათ უკვე გადაარჩინეს ადამიანი, 21 წლის ახალგაზრდა ქალი და მათი იქ ყოფნა იმედის სხივია ხალხისთვის ადიამანში“, - აღნიშნა თურქეთის ელჩმა.

ქართველმა მაშველებმა, სამაშველო ღონისძიების ფარგლებში, ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი გადაარჩინეს. სამაშველო ღონისძიებებში 100 ქართველი მაშველია ჩართული. 

ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში 12 391 ადამიანია დაღუპული. ამასთან, ოფიციალურად დადასტურებულია საქართველოს სამი მოქალაქის დაღუპვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში